Friday, July 10, 2009

ვირთაგვების ექსპერიმენტი

დაჭამენ თუ არა ერთმანეთს რწმუნებული და გამგებელი?!

უკვე ერთ თვეზე მეტია სამეგრელო ზემოსვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ზაზა გოროზია და ალექსანდრე ქობალია ერთმანეთს გაუგონარი მეთოდებით ებრძვიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დაპირისპირების მიზეზი გახლავთ გამგებელ ქობალიას სურვილი - გახდეს პრეზიდენტის რწმუნებული ჩვენს რეგიონში. გოროზია კი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და გამგებელთან ცუდ ურთიერთობას საჯაროდაც აღარ მალავს. როგორც "ღია ბოქლომს" სარწმუნო წყარომ აცნობა ქობალიას კაბინეტში ამ ორ ჩინოვნიკს შელაპარაკება მოუვიდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, მომხდარის შედეგად გამგებელს თვალი ჩაულურჯდა გუბერნატორს კი თავში ლარნაკი მოხვდა. 

აქვე ცნობილი ხდება, რომ ალექსანდრე ქობალიამ აწ გარდაცვლილი მამის გრიშა ქობალიას წამოწყებული საქმე გააგრძელა და სამეგრელოში გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციას ამოფარებული გამგებლის ხელქვეითები სამეგრელოს სოფლებში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას გოროზიას წინააღმდეგ შედგენილ წერილზე ხელმოწერის დაფიქსირებას სთხოვენ. 

"რამოდენიმე დღის წინ ჩვენს სოფელში იმყოფებოდა ორი მამაკაცი, ვინაობა არ დაუსახელებიათ, გვითხრეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანობიდან" ვართო, ზაზა გოროზიას ნინააღმდეგ შედგენილი წერილი წაგვაკითხეს, საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პრეზიდენტს უნდა გავუგზავნოთო. ფურცელზე გარკვევით ეწერა, თითქოს რწმუნებული შეკრულია მოღალატე იგორ გიორგაძესთან, რომ სამეგრელოში რუეთის ჯარების შემოსვლაზე თანხმობის ბრძანება სწორედ მან გასცა. აგრეთვე წერილიში აღნიშნული იყო: გუბერნატორს იმ წლების განმავლობაში როდესაც სამეგრელოში მოღვაწეობდა, ფასეული არაფერი გაუკეთებია, გარდა გასართობი კონცერტების ჩატარებისაო. გოროზია თხილის ბიზნესს ლობირებს და თუ ეს კაცი რეგიონიდან არ წავა, ყველანი გაკოტრდებით და თხილის ფასის კლება კვლავ გაგრძელდებაო... ამ წერილს ჩემი ჩათვლით ხელი ბევრმა ადამიანმა მოაწერა" - გვითხრა წალენჯიხის რაიონში მცხოვრებმა ელგუჯა როგავამ. 

ეს ინფორმაცია სავარაუდოდ გუბერნატორისთვისაც გახდა ცნობილი. საპასუხოდ კი გოროზიამ საკრებულოს, გამგებლის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართა, მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელზე კი ხელფასების გაცემა შეჩერდა. 

"ღია ბოქლომი" ფაქტის გადასამოწმებლად ალექსანდრე ქობალიას დაუკავშირდა: 

ა.ქ.: გისმენთ! 

ღ.ბ.: ბატონო ალექსანდრე შეგიძლიათ რამოდენიმე შეკითხვაზე გვიპასუხოთ? 

ა.ქ.: ტელეფონიდან ინტერვიუს არ ვიძლევი! 

ღ.ბ.: თუ შეიძლება გვითხარით, რატომ შეჩერდა გამგეობის თანამშრომლებზე ხელფასების გაცემა და რატომ აგროვებთ ხელმოწერებს გოროზიას გადადგომის მოთხოვნით? 

ა.ქ.: რა არის??? 

ღ.ბ.: რა მიზეზით დარჩით უხელფასოდ, გუბერნატორის წინააღმდეგ ხელმოწერების 

შეგროვება, რატომ დაიწყეთ მეთქი? 

ა.ქ.: ხომ გითხარით ტელეფონიდან ინტერვიუს არ ვიძლევი! 

გამგებელმა ქობალიამ ჩვენთან საუბარი გრამატიკულად გაუმართავი ამ ფრაზით დაასრულა და ყურმილი დაკიდა. 

სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზაზა გოროზიას საინფორმაციო სააგენტო "სი-ეიჩ-ენი" ესაუბრა: 

ზ.გ.: და! (რატომღაც რუსულად გვპასუხობს) 

"სი-ეიჩ-ენი": შეგიძლიათ რამოდენიმე შეკითხვაზე გვიპასუხოთ? 

ზ.გ.: დიახ, გისმენთ. 

"სი-ეიჩ-ენი": ბატონო ზაზა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ბრძანებით გამგებელზე და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელზე შეჩერებულია ხელფასების გაცემა. რა გახდა ამის მიზეზი? 

ზ.გ.: საიდან მოგაქვთ ასეთი რაღაცვეები?! ჩემი ბრძანება არ მოქმედებს არაფერზე. 

"სი-ეიჩ-ენი": ქობალია თქვენს წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებს. ამის შესახებ თუ იცით რამე? 

ზ.გ.: არა. გმადლობთ! (ყურმილი დაკიდა). 

P.შ. ეს ზუგდიდელი პოლიტიკოსები როგორც ხედავთ საკმაოდ გაუნათლებლები არიან. სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ მათი პასუხები სცილდება ყოველგვარ ლოგიკას. არასასურველი კითხვის გაგონებისთანავე, ყურმილს კიდებენ ან ქართველი კაცისთვის გაუგებარი ენით იწყებენ ლაპარაკს. მათ კომენტარებს კორექტურა შეგნებულად არ გავუკეთეთ, რათა თქვენც იცოდეთ ძვირფასო მკითხველო თუ ვინ არის დღეს სამეგრელოს ორი მთავარი პოლიტიკოსი. გოროზიამ, ეშმაკურად აარიდა თავი არასასიამოვნო საკითხზე საუბარს, თან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ქობალია კი კომენტარს მხოლოდ ერთ საკუთარ მედიაორგანიზაციას აძლევს... 

P.შ. ვირთაგვებივით დაჭამენ თუ არა ერთმანეთს გამგებელი და გუბერნატორი ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ცხადზე ცხადია, რომ ორივე ჩინოვნიკმა საქართველოს პრეზიდენტის ახალი პოლიტიკური კურსის თანახმად თანამდებობა მალე უნდა დატოვოს.

ილია ჩაჩიბაია

უკან