Saturday, June 20, 2009

სენსაციური მიმართვა სრულიად საქართველოს ხალხს

  • "ამ წუთიდან საპატრიარქოს ვთხოვ გააორმაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვა"

ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:
1. საქართველოში ფაქტიურად აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშია: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ობმუდსმენის დასკვნებით;
2. ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული მოქალაქეთა კავშირი არის ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული, ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე, და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე-იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს, და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის ოცკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება;
3. თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, “ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე აღიარა, და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე-იურე პრეზიდენტი;
4. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება ერისთვის არსებობდის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები;
5. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხი არ არის უზრუნველყოფილი პროფკავშირებისა და სასამართლოსგან შრომითი უფლებების დაცვით, ხოლო უმუშევრად დარჩენილი ხალხი მიტოვებულია ბედის ანაბარად და ტოვებს სამშობლოს;
6. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის, მათ შორის 2008 წლის 21 მაისს, წაერთვა უფლება მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთოს და სახალხო დამცველი დასკვნებით, რის გამო საქართველოს არ ყავს პარლამენტი;
7. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოში მაუწყებელი მთელი სატელვიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე- და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დასჯადი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა.
8. საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასაბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად სააკაშვილმა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სრული უზურპაცია მოახდინა, რითაც ხალხს მოუსპო მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, და რის გამო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისშია;
9. ეროვნული მეცნიერების, განათლების და ხელოვნების, მთლიანად კულტურის განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით; მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ ქვეყნის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად განვითარებაში;
10. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას;
11. საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, და დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევა;
12. საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიან, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში, მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედის ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია.
13. მეორე მხრივ, რუსეთი გააგრძელებს, ხოლო ზოგიერთი მეზობელი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, რაც ხელს აძლევს სააკაშვილს, რადგან ის რუსეთის აშკარა და ზოგიერთი მეზობლის მიერ საქართველოს ფარულ ოკუპაციას შეუწყობს ხელს, რუსეთისგან დევნილის საბაბით დატოვებს საქართველოს, უცხოეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მიაღწევს და ქართველი ხალხისგან დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონება ან დაამყარებს უკიდეგანო დიქტატურას, რათა არ წარსდგეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე.
ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან საქართველოში სახეზეა ტირანია და ჩაგვრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი:
აცნობიერებს რა არჩევნების გაყალბების გზით ქვეყნის სათავეში მოსული სააკაშვილის და მისი გუნდის ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური, ანტიადამიანური და კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილ ღრმა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კრიზისს, რის გამოც ქართველი ერის არსებობა და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა საფრთხეშია, მათ შორის იმას, რომ ძალოვანების მხრიდან 5 წლის განმავლობაში ადგილი აქვს საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სასტიკ, სისტემატურ, აღვირახსნილ და დანაშაულებრივ დარღვევებს, რამაც უახლოეს პერიოდში სამართლებრივად გამართლებული სახალხო აჯანყება შეიძლება გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი;
ხელმძღვანელობს რა საქართვლოს კონსტიტუციის პრეამბულით და მეორე თავით, აგრეთვე 5, 6, 7, 39 მუხლებით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილით, საქართველოში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად,
ადგენს:
1. 2007 წლის 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153, 154 და 161 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, კერძოდ, მოშიმშილეების ხელკეტებით, მშვიდობიანი მომიტინგეების რეზინის ტყვიებით და “იმედის” თანამშრომელთა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით დარბევის გამო, საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის, როგორც იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის ძალის მქონე აქტის საფუძველზე, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ იურიდიული ძალის არმქონედ აცხადებს;
2. სისხლის სამართლის კოდექსის 164-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების, კერძოდ, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების ეუთოს და სახალხო დამცველის მიერ დადასტურებული მასობრივი გაყალბების გამო, საქართველოს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იურიდიული ძალის არმქონედ აცხადებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი ხუთის პირველი პუნქტის თანახმად, რომლის ძალით: “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი”, საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ხუთი მესამე პუნქტის თანახმად, რომლის ძალით: “ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის ფორმით” და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 5-18 ნოემბერს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის პუნქტი სამის თანახმად, რომლის ძალით: “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, ქართველი ხალხი გამოხატავს რა თავის ურყევ სამართლიან ნებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს - გარდამავალ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტად სცნობს.
4. საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს შექმნას დროებითი კოალიციური მთავრობა და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, ამასთან იმოქმედოს საქართველოს კონსიტუციის სრულ შესაბამისობაში.
5. ამის შემდეგ, ახლად არჩეულ პარლამენტს სთხოვს გააუქმოს ევროპის საპარლამენტო ასაბლეის მიერ 2005 წლის 20 იანვარს დაგმობილი რეაქციული საკონსტიტუციო ცვლილებები, დაამტკიცოს მთავრობა, მოქმედი კანონმდებლობა კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს და 3 თვის თავზე დანიშნოს რეფერენდუმი პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება-არგაუქმების თაობაზე. პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნების შემთხვევაში, არჩეულ პარლამენტს სთხოვს დანიშნოს და გაერო-ეუთოსთან ერთად უზრუნველყოს გაუყალბებელი, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები.
ღრმა პატივისცემით,


სავანელი ბიძინა, პროფესორი, ადამიანის უფლებათა ფილოსოფიური საზოგადოების წევრი (ნევადა), სამართლის და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრი (პარიზი)

შენიშვნა:
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის ქართველი ხალხის მიერ საქართველოს პრეზიდენტად ცნობის შემდეგ მისი უწმინდესობა უფლებას იტოვებს უარი თქვას ქართველი ხალხის მიერ შეთავაზებული პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე.
2. ამ წუთიდან საპატრიარქოს ვთხოვ გააორმაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვა.
3. ჩვენთან არს ღმერთი!

სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გაგვაჩნია!