სენსაციური ღია წერილი ია ანთაძეს და „იანეთელებს“!
ღია წერილი ია ანთაძეს და „იანეთელებს“!
2009 წლის 4 დეკემბერს, სასტუმრო ”რედისონში”, ია ანთაძის ინიციატივით, ასზე მეტი ჟურნალისტი შეიკრიბა და ხელი მოეწერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას... მაგრამ საზოგადოებას ისიც ახსოვს, რომ 2007 წლის 24 დეკემბერს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ანალოგიურ დოკუმენტს 400-მდე ჟურნალისტი შეუერთდა, ოღონდ ჩვენს დოკუმენტს დეკლარაცია ერქვა. ბუნებრივია, მეც და სხვა ჩემს კოლეგებსაც უამრავი შეკითხვა გაგვიჩნდა და აქედან რამდენიმე ”facebook”-შიც გამოვაქვეყნე. ქალბატონმა იამ შეკითხვის დასმა ”დარტყმად” მიიღო, ამიტომ დასაწყისშივე მინდა ვუთხრა: ჩემო ია, მე შენ არ „გირტყამ“, არც „ქოლგით გჩხვლეტ“ (როგორც შენს ბლოგერ-მეგობრებს ჰგონიათ), არც გეომები, არც მშურს შენი და არც მძულხარ... ამიტომ, როგორც კოლეგას, ღია და საჯარო დისკუსიაში გიწვევ და იმედი მაქვს, შენ... გამოცდილ პროფესიონალს, ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გექნება.
ჩემო ია, ვწუხვარ, რომ ეს ვერ შენიშნე, მაგრამ მე ყოველთვის კოლეგიალობის დაცვის პრინციპით ვმოქმედებ და ”სხვის საქმეში” არ ვერევი, ანუ არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას,- აზრი გამოვთქვა ერთი კონკრეტული, ან ათი ჟურნალისტის კერძო გადაწყვეტილებაზე. თუნდაც, ეს გადაწვეტილება ჩემთვის მიუღებელი, ან გაუგებარი იყოს... მაგრამ როცა თემა საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, აზრის გამოთქმა აუცილებელია, ამიტომ აზრიც გამოვთქვი და, ვგონებ, კითხვებიც გასაგებად დავსვი. ამასთან, არც შეურაცხოფა მიმიყენებია ვინმესთვის... საპასუხოდ, შენ და (უფრო მეტად) შენმა მხარდამჭერებმა, შენსავე ბოლგზე რადიო „თავისუფლებაში“, ”facebook”-შიც და სხვაგანაც რამდენიმე საკითხი წამოწიეთ, რომლებსაც ვალდებული ვარ ვუპასუხო, ოღონდ... თქვენის ნებართვით, ამ კითხვებს უფრო ცივილური და ზრდილობიანი ფორმით ჩამოვაყალიბებ.
მაშ, ასე... ჩემო ია, შენი ბლოგერ-მეგობრები, რბილად და ზრდილობიანად რომ ვთქვათ, ინტერესდებიან: „საიდან მოვდივარ“. საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია და ასე ნამდვილად არ გიპასუხებდით, მაგრამ იმდენად შეურაცხყოფილი ვარ ტონით და ფორმით, რომ გპასუხობთ: საიდან, ჩემო უცნობო ”პატივისმცემელნო”, და 1992 წლის სამაჩაბლოდან და 1993 წლის აფხაზეთიდან, სადაც პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი... ომის შთაბეჭდილებებზე მისაუბრია, მაგრამ ხმამაღლა არასდროს მითქვამს... ახლა კი, იძულებული ვარ, გაცნობოთ, რომ აფხაზეთის ომი თავიდან ბოლომდე 40-ზე ნაკლებმა ჟურნალისტმა გამოიარა. ჭუბერის გზა, რომლის 200 კილომეტრიც ფეხით ორჯერ გავიარე, მხოლოდ 10-მა ჟურნალისტმა, ხოლო მთლიანად, აფხაზეთის ომიც და ჭუბერიც ერთად, სულ 5-მა ჟურნალისტმა იცის, რა ჯოჯოხეთი იყო... ჩემო ია, თამამად გეტყვი, რომ მსოფლიომ მხოლოდ ჩემი გადამღები ჯგუფის წყალობით ნახა და აღიქვა არა მარტო ჭუბერის ტრაგედია, არამედ შეიტყო იმ უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რაც დევნილთა მიმართ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. 1992-1993 წლების ომების პერიოდში ჩვენი გადამღები ჯგუფი ღიად და თამამად საუბრობდა იმაზე, ჯარისკაცებს ზურგიდან ფრონტის ხაზზე როგორ უგზავნიდნენ არა ტყვია-წამალს, არამედ კონსერვის ცარიელ ყუთებს... სამხედრო ცენზორებიც კი, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ იმ პერიოდის ტელევიზიაში, ვერ ახერხებდნენ ჩვენი სიმართლის დაბლოკვასა და სიუჟეტების ეთერიდან მოხსნას. ახლა ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ყველა ტელევიზია, რომელიც გაჩვენებთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ამსახველ კადრებს, იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გადამღები ჯგუფების ვიდეომასალას. არა 10%, ან 30%, არამედ 80% ჩემი და ჩემი მეგობრების კუთვნილი კადრებია, რომელთა გადაღებასაც საშკა იოსელიანის, გიორგი პოპიაშვილის, გრიშა დოლგოპულოვის, დათო ბოლქვაძის, გულიკო გოდოლაძის და 15-ზე მეტი ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა. თქვენ, ჩემო „იანეთელებო“, ალბათ, ვერ იხსენებთ ამ ადამიანების სახელებს და, რა თქმა უნდა, ისიც არ იცით, სამშობლოსათვის (პროფესიული მოვალეობის შესრულებისას) ვინ, სად და როგორ დაღუპა... თავს არ ვიქებ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით: აი, აქედან მოვდივარ და ეს იცის ყველა იმ ჟურნალისტმა, ვისთან ერთადაც მიწა და ბალახიც მიჭამია, თვეების ბავშვებიც გადამირჩენია და ტყვიაც მომხვედრია...
ახლა, ჩემო ია, „იანეთელთა“ მეორე კითხვას ვპასუხობ, თუ სად ვიყავი „ვარდების რევოლუციამდე“... სად ვიყავი და პირველ არხზე, მაგრამ უკანონობაზე თქვენზე არანაკლები სიხშირით ვსაუბრობდით... თანაც, ღიად და პირდაპირ მთავრობასა, თუ პარლამენტში. სპეცრეპორტაჟებს რომ ამზადებდიო?... დიახ, ვამზადებდი ჯეიჰანისა და შაჰ-დენიზის მილსადენებზე, ვწერდი ექსკლუზიურ ინტერვიუებს ბილ ქლინტონთან, ჰანს დიტრიხ გენშერთან, ჰავიერ სოლანასთან, შევარდნაძესთნ და სხვებთან... სხვათაშორის, თქვენი მეგობრების... მაპატიეთ, ყოფილი მეგობრების პოლიტიკურ მამასთან, ჯორჯ სოროსთანაც, რომლის გეგმებზეც ჯერ კიდევ 1999 წელს ვუამბე მაყურებელს... სიმართლეს პირდაპირ შევარდნაძესაც ვეუბნებოდი და ჟვანია-სააკაშვილსაც, მაგრამ თქვენ ეს არ გახსოვთ... და აი, რატომ: ჯერ იმიტომ, რომ თქვენთვის მე ბარიკადების სხვა მხარეს ვიდექი და ასეთი ხალხის სიმართლეს თქვენ არ აფასებთ... მეორე იმიტომ, რომ მე სიმართლეს შევარდნაძესაც და მის ოპონენტებსაც ვეუბნებოდი... თქვენ კი, მხოლოდ შევარდნაძეს აკრიტიკებდით, ხოლო ჟვანია-სააკაშვილის ბოროტ სახეს სიმართლის ნიღბით ჰმოსავდით და საზოგადოება შეცდომაში შეგყავდათ... ამიტომაც ვერასდროს დაინახავდით და ვერც გაიგებდით ჩემს სიმართლეს... ახლა რომ რიტორიკულ შეკითხვას გვისვამთ: „ვინც იცნობდით სააკაშვილს, რატომ ვერ ხედავდით, როგორი ბრმები ვიყავით და როგორ შევქმენით "ჩვენი სააკაშვილი", რომელიც ისე განსხვავდება რეალურისგან, როგორც ცა-დედამიწისგანო?!“, გპასუხობ: ვხედავდი, ”როგორი ბრმები იყავით” და კიდეც გეუბნებოდით, მაგრამ თქვენ ხომ ჩვენ სიმართლეს არ აფასებთ, არ გესმით და ვერ გულისხმა-ჰყოფთ? ბოლო-ბოლო შევარდნაძის მეხოტბეებმაც და ჟვანია-სააკაშვილის „ფანებმაც“ სკანდალური ჟურნალისტის იარლიყი „მომაკერეს“... ასე აღმოვჩნდი ეკონომიკურ გადაცემაში, რომელიც, სხვათა შორის, არაფრით ჩამოუვარდებოდა ”დიდი“ აკაკი გოგიჩაიშვილის ბიზნეს-პროექტს.
ზოგიერთი შენი მხარდამჭერი, ოდნავ განსხვავებულ კონტექტში მისვამს კითხვას: „ვარდების რევოლუციისას“ სად იყავიო? სად ვიყავი და ხმამაღლა გეუბნებოდით: სიკეთის ნიღაბით შემოსილი ბოროტება მოდის-თქო... სად ვიყავი და ტელევიზიის წინ ვიდექი და თქვენს ყოფილ მეგობრებს ვეჭიდავებოდი, როდესაც შენობას იღებდნენ. ზუსტად ამ დროს, ქალბატონი იას ბოლგერი-მეგობრები, როგორც თავად წერენ ”მიტინგურად” იქცეოდნენ და ამ ”მიტინგურ” საქციელს ერთ-ერთი მათგანი ასე აღწერს: ”ავტობუსზე ავძვერი და ვაფრიალებდი წინა, სამფეროვან დროშას...”, ხოლო, როცა რევოლუციონერები პარლამენტში შეიჭრნენ, ერთი პატივცემული ბლოგერი თავის შთაბეჭდილებებს ასე გადმოგვცემს: ”როცა მართლა ვარდებით ხელში შეიჭრნენ რეზიდენციაში და შევარდნაძეს ჩაი სააკაშვილმა დალია, მე ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. მივხვდი, რომ დამთავრდა საშინელი განუკითხაობა, მე მაშინ მეგონა განათდა მეთქი, გულწრფელად მეგონა, რომ ნოემბრის ის ცივი დღე, მეოცე საუკუნის საქართველოს ყველაზე ნათელი და თბილი დღე უნდა ყოფილიყო“, მაგრამ გავიდა წლები და ახლა, ამ მოვლენების შესახებ, ერთ-ერთი იანთელი ასე გვიყვება: ”სულაც არ გამხარებია "ბატო ედუარდის" გადადგომა. რა ძალაც მოდიოდა და რა ნაყოფსაც შობდა, ალბათ გული მიგრძნობდა. არც წასვლა გამიხარდა და მოსულმაც უარეს საგონებელში ჩამაგდო. ბოროტი გმირის ამბავი გამახსენდა”. ჩემო ია, სხვა შენ და „იანეთელებს“ არაგულწრფელობას დაგაბრალებდათ... მე კი, დარწმუნებული ვარ: ახლა შენც მართლა გულწრფელად გჯერა, რომ მაშინ ”გული გიგრძნობდათ”, თუ ”რა ძალა მოდიოდა და რა ნაყოფსაც შობდა”, მაგრამ, სამწუხაროდ, თავს იტყუებთ: სინამდვილეში, მაშინ შენ... და შენი თანამოაზრენი გულწრფელად ”ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყავით”. გავბედავ და პირდაპირ გეტყვი, ჩემო ია: ადამიანი ზოგჯერ აზრითაც ცდება, სიტყვითაც და საქმითაც, გარკვეული დროის შემდეგ თავის შეცდომას აცნობიერებს, მაგრამ ამის მერე თავი კი არ უნდა დაირწმუნოს, რომ... თურმე, არც შემცდარა და ”არც წასვლა გახარებია და მოსულმაც უარეს საგონებელში ჩააგდო”... ამიტომ, მომიტევე, მაგრამ ვალდებული ვარ, ასეთი რჩევა მოგცეთ: გულს მიხედეთ, უფრო სწორედ კი,- გულისხმის-ჰყოფას.
ერთ-ერთი შენი ”ფანი” მეკითხება: მიტინგებზე კი გხედავთ, მაგრამ ამ ბოლო წლებში, როგორც ჟურნალისტმა, რა გააკეთეო?... რა გავაკეთე და თქვენი ყოფილი მეგობრები: ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, ნოდარ ლადარია, თამარ კინწურაშვილი და კიდევ 7 კაცი საჯაროდ ვამხილე, როდესაც მათ დედა-ეკლესიასთან ბრძოლის სამგვერდიანი, საიდუმლო გეგმა შეიმუშავეს, ამისათვის ”გიჟად” შემრაცხეს: ხმამაღლა- ლევან რამიშვილმა და თამარ კინწურაშვილმა, რადგან ვძულდი... ხმადაბლა- გიორგი თარგამაძემ, რადგან გონუკეთურია, ზურგსუკან- ნინო ზურიაშვილმა, რადგან შურდა და... ჩურჩულით- შენ, ჩემო ია, და შენმა „ხუთეულმა“, რადგან... გულისხმის-ჰყოფა გაკლიათ. კიდევ რას ვაკეთებდი? რას ვაკეთებდი და ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. მართალია, შენ, ჩემო ია, გგონია, რომ მე ”სტუდია ”ობიექტივი” წამართვეს, მაგრამ ”სტუდია ”ობიექტივთან” შეხება არასდროს მქონია. აი, ტელეკომპანია ”ობიექტივს” კი, ნამდვილად ჩამოართვეს მაუწყებლობის უფლება, რასაც უკვე მეხუთე წელია ვასაჩივრებთ. რადგან ეს არ იცი, ისიც არ გეცოდინება, რომ ბოლო წლების ერთი-ერთი ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება, 40-მდე ტელეარხის წართმევის შესახებ, ჩვენმა კავშირმა აწარმოა და რომ გამოძიების მასალები სრულად დაადასტურა ”Human Rights Watch”-მა და, შესაბამისად, ყურს როგორ მოკრავდი, რომ ამ გამოძიებაზე დაყრდნობით, ბევრმა ჩვენმა კოლეგამ სტატია, სიუჟეტი და ფილმიც მოამზადა... აი, ამას ვაკეთებდი და კიდევ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ჩემი გადაღებული 5 ფილმი: ”ვარდების რევოლუცია”, ”დემოკრატიის გისოსები”, ”დემოკრატიის გისოსები II”, ”ჩიხი” და ”ჩიხი II” გაზეთებმა პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით დაბეჭდეს (სცენარის სრული ვარიანტი!)... აი, ამას რომ ვაკეთებდი, ”იანეთელები” რას აკეთებდით, ჩემო ია? პირდაპირ გეუბნები - შენ ზუსტად ისე იქცეოდი, როგორც ერთ-ერთი ”იანეთელი” თავის-თავზე გვიყვება: ”ერთი წლის თავზე ისევ ვამტკიცებდი, რომ საქართველო ვითარდება და რომ უნდა ვაცალოთ ამ ახლაგაზრდა დასავლეთელ ქართველებს... თუმცა აშკარად ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და თავს ვიტყუებდი”... გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთი ”იანეთელი” გვამცნობს, თურმე, ”თქვენს სააკაშვილს” ქმნიდით: „მეგონა სააკაშვილი, თავად ლაღი ადამიანი, ორგანულად ვერ იტანდა დამონებულ და დაშინებულ ადამიანს და თავად იქნებოდა გარანტი ადამიანის თავისუფლებისა. მეგონა ფაუსტის იდეალი "თავისუფალი ადამიანი თავისუფალ მიწაზე" ჩემს ქვეყანაში განხორციელდებოდა. სწორედ სააკაშვილის მიერ. მაშინ არ ვიცნობდი, მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვინც მას იცნობდა, თქვენ რამ დაგაბრმავათ? თქვენ რატომ ვერ ხედავდით როგორი ბრმები ვიყავით და როგორ შევქმენით "ჩვენი სააკაშვილი" რომელიც ისე განსხვავდება რეალურისგან როგორც ცა დედამიწისგან?!”... ჩვენ კი, ჩემო ია, ამ დროს, ხან უნივერსიტეტის და ხან პარლამენტის წინ ვმართავდით საპროტესტო აქციებს, რექტორის კაბინეტიც კი ”ავიღეთ”, მაგრამ შენ... ჩვენი სიმართლე მაშინაც არ გესმოდა, აკი გითხარი: გულისხმის-ჰყოფა გაქვს მისახედი-თქო!... ამასობაში, შენმა, იმ პერიოდში ჯერ კიდევ მეგობრებმა, 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქცია დაარბიეს და ხალხს საგანგებო მდგომარეობაც გამოუცხადეს, მაგრამ ნანა კაკაბაძე, მე და ჩვენი მეგობრები ამას არ შევუშინდით და 9 ნოემბერს, ნანამ თბილისში ევროპელი დისიდენტებიც ჩამოიყვანა, კონფერენციაც გავმართეთ და იმ საათებში, როცა ბევრი სდუმდა, დამნაშავე რეჟიმი მორიგჯერ ვამხილეთ... შენ კი, ალბათ, სახლში იყავი და მსგავსად შენი ბლოგერებისა, აცნობიერებდი, რომ ”თქვენი სააკაშვილი“ ისე განსხვავდება რეალურისგან როგორც ცა დედამიწისგან?!”...
მაგრამ ეს თუ გააცნობიერე, ჩემო ია, ისიც უნდა დაგენახა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ, თავისუფალი ტელევიზია საერთოდ ”მოკვდა”, შეშინებული ჟურნალისტები სახლებში გამოიკეტნენ. შენმა, უკვე ყოფილმა მეგობრებმა, ჟურნალისტიკის ანა-ბანა ფეხ-ქვეშ გათელეს და საზოგადოებას ახალი რეალობა მოახვიეს თავს. გარდა ამისა, ჩემო ია, იმასაც უნდა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ ფართო შეკრება თუ გაამხნევებდა ჩვენს კოლეგებს. აი, ამ დროს მე და ჩემმა მეგობრებმა, საერთო სულისკვეთების ასამაღლებლად, ჟურნალისტების შეკრება დავიწყეთ და 7 ნოემბრიდან ზუსტად თვენახევარში, 2007 წლის 24 დეკემბერს ”შერატონ მეტეხი პალასში” 400-ზე მეტი კოლეგა გვესტუმრა. შენც დაგპატიჟეთ, დეკლარაციასაც მოვაწერეთ ხელი. შენ კი, დეკლარაცია დაგვიწუნე და შეურაცხყოფაც მოგვაყენე: ”მხოლოდ ხუთ ჟურნალისტს ვიცნობ, ვისთანაც ერთადაც ამას ხელს მოვაწერდიო”. ახლა კი, თავს იმართლებ, თითქოს არ იცოდი, რას და რატომ ვაწერდით ხელს, ან ფორუმზე რატომ მოგიწვიეთ... მე კი, პირდაპირ გეუბნები, იმ დეკლარაციას ხელი იმიტომ არ მოაწერე, რომ ჩვენი შედგენილი იყო და არა შენი და შენი ინკოგნიტო „ხუთეულის“... დეკლარაცია იმიტომ არ აღიარე, რომ მაშინაც ბარიკადის სხვადასხვა მხარეს ვიდექით. თუმცა, პრინციპებს კი ვიზიარებო,- თქვი... დეკლარაციას იმიტომ არ შეუერთდი, რომ შენი ყოფილი მეგობრების ხორცშესხმა აღარ მოგწონდა, მაგრამ სულისკვეთებით ერთნი იყავით და ახლაც ერთნი ხართ! ხელი იმიტომ არ მოაწერე, რომ შენს გულში ახლაც ფრიალებს ვარდების რევოლუციის დროშა, ჩვენს გულებში კი, ეს დროშა არასდროს ფრიალებდა, რასაც კონკრეტული ქმედებებით ადასტურებ: თურმე, საქართველოს ჟურნალისტთა ფორუმის დახურვიდან სულ რაღაც 3-4 თვეში, უკვე დაგიწყია ჟურნალისტების ძებნა, ამაზე 20 თვე დაგიხარჯავს და აი, 2009 წლის დეკემბერში ახალი შეკრებაც ჩაატარე... ეთიკის ქარტიასაც მოაწერე ხელი! შეიძლება იკითხო: არასწორი, ან ცუდი რა არის ამ ამბავშიო?
არასწორი, ჯერ ერთი, ისაა, რომ ეს ჟურნალისტები პირადად შენ შეარჩიე... მათ უმეტესობას კარგად ვიცნობ და, მართლაც, ქართული რეგიონული მედიის „მარგალიტები“ არიან, მაგრამ რითი ვერ გაიგეთ შენ, მიშამ, გიგამ და ძმებმან თქვენმან, რომ ჟურნალისტიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო ღია სივრცე უნდა იყოს და მისი პრივატიზების უფლება არავის არა აქვს!!! ჩვენს კავშირში 200-ზე მეტი წევრია, რომელს შეატყობინე და რომელი მიიწვიე ქარტიის საორგანიზაციო ჯგუფში? თურმე, არც სხვა მედია-ორგანიზაციები ჩაგირთავს საორგანიზაციო ჯგუფში. მაშინ რა სხვაობაა შენსა და მიშას შორის, თუ ისიც თავად შეარჩევს ყველა დეპუტატს და შენც თვითონ შეარჩევ ყველა მედია- ”მარგალიტს”? აკი, გითხარი,- სულისკვეთებით ერთნი ხართ-თქო. მიშასაც საქართველო ”მიშეთი” ჰგონია და შენც, მსგავსად სააკაშვილისა, ვირტუალური ”იანეთი” შექმენი...
მეორეც, ცუდი ისაა, რომ 100-ზე ცოტა მეტი ჟურნალისტის თვითრეგულირების მიზნით შექმნილ ორგანოს მედია-საბჭოს უწოდებ. მართალია, ამბობ: ეს მედია-საბჭო მხოლოდ ჩვენს ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების თვითრეგულირებას შეუწყობს ხელსო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს ქარტიას ”საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია” ჰქვია, ამ სახელწოდებას საზოგადოება ცალსახად შეცდომაში შეჰყავს. იცი, ჩემო ია, მახსენდება ”8-07” ბაზარზე შემოსვლის ისტორია, რომელსაც, წესით, საზოგადოებისათვის უნდა ეთქვა: აქამდე მხოლოდ ”8-10” გემსახურებოდათ და ახლა ჩვენც ვართ და ჩვენი ფასები ნახეთ, უკეთესიაო. ამის ნაცვლად, საზოგადოებას არწმუნებდა, აქამდე ”8-10”-ის სერვისით რომ სარგებლობდით, ახლა ”8-07” უნდა დარეკოთო.
მესამე, რაც არასწორიცაა და ცუდიც, ისაა, რომ მედია-საბჭოს წევრად, ანუ ნამდვილ მედია- მარგალიტებში ცრუ- ალმასად ნინო ზურიაშვილს ირჩევ... 2001 წლის 1 აპრილს ნაჩვენები ცნობილი სიუჟეტის ავტორს... იმ სიუჟეტის ავტორს, რომელმაც უდანაშაულო ვალერი ასათიანი მორალურად გაანადგურა, ხოლო მისი ავადმყოფი ვაჟი ფიზიკურად მოკლა... ახლა, 8 წლის შემდეგ გამომძიებელი-ჟურნალისტი ზურიაშვილი შეცდომას აღიარებს, სინანული კი, აშკარად არ აქვს, მაგრამ განა მისი აღიარება ვალერი ასათიანს შვილს გაუცოცხლებს?... ნინო ზურიაშვილის ნამოქმედარი უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნდა იხილებოდეს, როგორც ჟურნალისტური დანაშაულის მაგალითი... როგორც ცოცხალი თვალსაჩინოება იმისა, როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი... შენ კი, ზურიაშვილი მარგალიტებში ალმასი გგონია... ისევე როგორც მიშა გეგონა ”გარანტი ადამიანის თავისუფლებისა”! მაგრამ მარტო შენთვის რომ გეგონოს, რა უჭირს. ზურიაშვილის მედია-ალმასობაში კოლეგებსა და საზოგადოებასაც რომ არწმუნებ, ესაა უბედურება...
ახლა კი, მოისმინე ჩემი კითხვები შენდამი. აღმოჩენა არაა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“: თუთბერიძეები, რამიშვილები და ძმანი მათნი, დღეს მარგინალებად იქცნენ და საზოგადოების ნდობით აღარ სარგებლობენ, პირიქით... მათდამი მხოლოდ ზიზღი და აგრესიაა... არც ისაა საიდუმლო, რომ სოროსი და ძმანი მისნი, ანუ ის ხალხი, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ უკან დგას, ახალი ორგანიზაციების შექმნას გეგმავს, რათა ქართული საზოგადოება კვლავ დააბრმავონ და სიბოროტე კვლავ შემოსონ სიკეთის ნიღბით. ჩემო ია, პირდაპირ გეკითხები: არის, თუ არა ალბათობა, რომ შენი ინიციატივით შექმნილი მედია-ორგანიზაციის უკან სწორედ ეს ხალხი აღმოჩნდეს? იქნებ უკვე დგანან კიდეც და თავად არაფერი უწყი ამის შესახებ? ნათელია, რომ თუ ფარული გეგმა არსებობს, ქარტიას მიერთებული ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამის თაობაზე არაფერი იცის... სწორედ მათ მინდა მივმართო: ჩემო დანო და ძმანო, ამ ექვსი წლის მანძილზე, ჟურნალიტთა კავშირმა ”ობიექტივი” უამრავი ფილმი გადაიღო, უამრავი გამოძიება ჩაატარა, შექმნა გადაცემათა ციკლი, ხორცი შეასხა ”ქუჩის ტელევიზიას”, მაგრამ არასოდეს არ მიუღია უცხოური გრანტი. იცოდეთ, რომ ქართულ საქმეს არც დასავლეთი აფინანსებს და არც რუსეთი. მოკლედ, რაც უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია, ჩემო ია: 100-ზე მეტი ჟურნალისტი თავად იმიტომ შეარჩიე, რომ განსხვავებულად მოაზროვნენი არ მოხვედრილიყვნენ „შენს ჩაკეტილ წრეში“ და ზედმეტი კითხვები არ დაესვათ... შენი გაგებით, ნეიტრალური, 100- ზე მეტი არ აღმოჩნდა... აკი გითხარი, მედია-სივრცე საპრივატიზაციო სფერო გგონია-თქო... ზურიაშვილი კი, იმიტომ წაახალისე, რომ „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებაც და, ხაზს ვუსვამ, ხორცშესხმაც მის გონშიცაა და გულშიც. თუ ეს მიამიტობით მოგივიდა, მაშინ ვალდებული ვარ გითხრა: ჩემო ია, თავსაც მორიგჯერ იტყუებ და საზოგადოებაც მორიგჯერ შეგყავს შეცდომაში!